მენტალური აშლილობის ტიპები - შფოთვითი დარღვევები

 რა არის შფოთვითი აშლილობა? 

შფოთვა არის ემოცია, რომელსაც ახასიათებს დაძაბულობის განცდა, შეშფოთებული აზრები და ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა არტერიული წნევის მომატება.

შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ განმეორებადი ინტრუზიული აზრები ან შეშფოთება. მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა ან აჩქარებული გულისცემა.

შფოთვითი აშლილობის ზოგადი მანიშნებლებია: 
  • შფოთვა ხელს უშლის თქვენს ნორმალურ ფუნქციონირებას; 
  • ხშირად გაქვთ გადამეტებული რეაქცია პატარა გამაღიზიანებელ ფაქტორებზეც კი;
  • ვერ აკონტროლებთ თქვენს რეაქციას და პასუხებს კონკრეტულ სიტუაციებში. 
ხშირად ასეთ მდგომარეობაში რთულია მთელი დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნა. არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი შფოთვითი აშლილობის სამართავად, რომლებსაც ბლოგ პოსტში გაგიზიარებთ. 

ვინ არის შფოთვითი აშლილობის რისკ ჯგუფში?

გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდონ ადამიანის შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილების რისკი. თუმცა ალბათობა უფრო მაღალია, თუ გაქვთ ან გქონიათ ქვემოთ მოცემული პრობლემები: 
  • გარკვეული პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა სიმორცხვე ან ქცევითი აშლილობა, კომპლექსები - დისკომფორტის შეგრძნება, უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის ან გარემოს ცვლილების თავიდან არიდება; 
  • სტრესული და ტრავმატული გამოცდილებები ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში;
  • მემკვიდრეობით არსებული შფოთვითი აშლილობა ან სხვა მენტალური პრობლემები; 
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, გულის არითმია.
შფოთვითი აშლილობები უფრო ხშირად ვლინდება ქალებში. მკვლევარები ჯერ კიდევ სწავლობენ ამის გამომწვევ მიზეზებს. ეს შეიძლება გამომდინარეობდეს ქალის ჰორმონებიდან, რომლებიც მერყეობენ მთელი თვის განმავლობაში. ჰორმონმა ტესტოსტერონმაც შეიძლება როლი შეასრულოს - მამაკაცებს მეტი აქვთ და ამან შეიძლება შეამსუბუქოს შფოთვა. ასევე შესაძლებელია, რომ ქალები ნაკლებად მიმართავენ მკურნალობას, ამიტომ შფოთვა უარესდება. 

შფოთვითი აშლილობის ტიპები

არსებობს შფოთვითი აშლილობის რამდენიმე ტიპი: 
ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობებს ახასიათებს შფოთვით აშლილობების ნიშნები. მათ შორისაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

რა არის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა?

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს შეიძლება გამომწვები მიზეზის გარეშე იგრძნოთ უკიდურესი და არარეალური შეშფოთება და დაძაბულობა. უმეტეს დღეებში შეიძლება ბევრი ინერვიულოთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე, სამუშაოზე, სკოლასა და ურთიერთობებზე. შეიძლება იგრძნოთ, რომ შფოთვა გრძელდება ერთი თემიდან მეორეზე. 
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ფიზიკური სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მოუსვენრობას, კონცენტრაციის გაძნელებას და ძილის პრობლემებს.

რა არის პანიკური აშლილობა?

თუ პანიკური აშლილობა გაქვთ, თქვენ  შესაძლოა გქონდეთ ძლიერი, უეცარი პანიკის შეტევები. შიშის გრძნობა შეიძლება უეცრად, მოულოდნელად დაიწყოს, ან შეიძლება შიშის მომგვრელი სიტუაციით დაპროვოცირდეს. პანიკის შეტევები ჰგავს გულის შეტევას. 

პანიკური შეტევის დროს შესაძლოა განიცდიდეთ: 
  • ოფლიანობა;
  • არათანაბარი გულისცემა (გულის ამოვარდნის შეგრძნება);
  • ტკივილი მკერდის არეში;
  • უჰაერობის, სუნთქვის შეზღუდვის შეგრძნება. 
პანიკური შეტევები არასასიამოვნო მოვლენაა და ხშირად ამ აშლილობის მქონე ადამიანები მომდევნო შეტევის შიშში ატარებენ დიდ დროს. მათი მართვა შესაძლებელია სუნთქვითი ვარჯიშების, თერაპიების და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობის საშუალებით. თუ გრძნობთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს და ხშირად გაქვთ ასეთი ეპიზოდები, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. 

რა არის ფობიები? 

ფობიები არის გარკვეული სიტუაციების ან საგნების ძლიერი შიში. ზოგიერთ ამ შიში შეიძლება იყოს საფუძვლიანი, მაგალითად გველების შიში. ხანდახან კი შიშის სიმძლავრე არ შეესაბამება რეალურ სიტუაციას. 
სპეციფიკური ფობია, ან უბრალო ფობია, არის კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის ძლიერი შიში. მან შეიძლება გამოიწვიოს ყოველდღიური სიტუაციებისგან თავის არიდება, იზოლაცია. ფობიები მოიცავს: 
  • ცხოველების ან მწერების შიში; 
  • სისხლის შიში;
  • ფრენის შიში;
  • სიმაღლის შიში;
  • ნემსის(ინექციების) შიში და მრავალი სხვა. 

სოციალური შფოთვითი აშლილობა

მედიცინის წარმომადგენლები ამ მდგომარეობას სოციალურ ფობიას უწოდებდნენ. თქვენ შეიძლება გქონდეთ ძლიერი შფოთვა და უხერხულობა ყოველდღიური სოციალური სიტუაციების მიმართ, ინერვიულოთ იმაზე, რომ სხვები განგსჯიან, ან გეშინოდეთ დაცინვის, თავის შერცხვენის. სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად იზოლირდებიან გარემო სიტუაციებისგან. 

აგორაფობია

თუ გაქვთ აგორაფობია, შესაძლოა გქონდეთ ძლიერი შიში იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვერ მიიღოთ დახმარება. ხშირად, დამახასიათებელია ორი ან მეტი გარემოს ფობია: 
  • დახურული სივრცეების; 
  • რიგების ან შეჯგუფებების; 
  • ღია სივრცეების; 
  • თქვენი სახლის გარეთ არსებული გარემოს; 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის. 
აგორაფობიის მძიმე შემთხვევების მქონე ადამიანები ერიდებიან სახლის დატოვებას პანიკური შიშების თავის არიდების მიზნით. 

რა არის განშორების შფოთვითი აშლილობა

ეს მდგომარეობა უმეტესად ბავშვებს ან მოზარდებს ემართებათ, რომლებსაც არ შეუძლიათ მშობლებისგან შორს ყოფნა. განშორების შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებს შეიძლება ეშინოდეთ, რომ მათი მშობლები რაიმე ფორმით დაშავდებიან ან არ დაბრუნდებიან. 
გიზიარებთ განშორების შფოთვითი აშლილობის სიმპტომებს ბავშვებში: 
  • მარტო ძილზე უარის თქმა; 
  • განშორების თემატიკის მქონე განმეორებადი სიზმრები;
  • ბევრი შფოთვა ოჯახისგან ან მშობლებისგან განშორებისას;
  • დაკარგვის შიშით გამოწვეული შფოთვა; 
  • სკოლაში/ბაღში წასვლაზე უარის თქმა, ტანტრუმი;
  • მარტო ყოფნის სურვილის არ ქონა და შიში; 
  • თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი ან სხვადასხვა ტიპის ფიზიკური ჩივილები; 
  • ძლიერი მიჯაჭვულობა მშობელზე ან ოჯახის წევრზე;
  • პანიკური შეტევები, ტანტრუმი. 
თუ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება მინიმუმ 4 კვირა, აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს, განშორების შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტიკის მიზნით. 

მშობელი ბავშვის განშორების შფოთვითი აშლილობის პრევენციაში დიდ როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია ზოგადად და პრობლემის დიანოზირების შემდეგაც გამოვიყენოთ შემდეგი მეთდები: 
  • საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ატარეთ თერაპიებზე; 
  • შეასრულეთ შვილისთვის მიცემული დაპირებები და არ დაკარგოთ მისი ნდობა;
  • დაგეგმეთ ხანმოკლე გასვლები, ანუ მიიყვანეთ და დატოვეთ ბავშვი მეგობართან, ბებიასთან ან ადამიანთან ვისაც იგი ენდობა 1 ან 2 საათით; 
  • შეუქმენით უსაფრთხო გარემო და მხარი დაუჭირეთ სხვადასხვა სიტუაციაში, წაახალისეთ, მისი მხრიდან, ასაკის შესაბამისი დამოუკიდებლობის მცდელობები. 
  • შეისწავლეთ ბავშვზე მოქმედი სტრეს ფაქტორები და წინასწარ შეამზადეთ სიტუაციებისთვის, რომ შეძლოს მშვიდად რეაგირება;
შფოთვების ფორმირებაში ან მატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშობლების ან ახლობლების მხრიდან ბავშვის დაშინებები, მაგალითად: "ბუა მოვა და შეგჭამს", პოლიცია დაგიჭერს,  მარტო დარჩები, "რაღაც გიყურებს ფანჯრიდან როგორ იქცევი, ცუდად თუ მოიქცევი მოვა და წაგიყვანს" და ბევრი სხვა არაჯანსაღი ფრაზა. ასეთი საუბრებით გაუაზრებლად ვიწვევთ ბავშვებში ზოგიერთი არარეალური საკითხის მიმართ შიშს, რაც ზრდის მიჯაჭვულობას. თუ ოჯახის წევრებისგან მსგავს საუბრებს მოისმენთ, აუცილებელია მიუთითოთ კომუნიკაციის არასწორ ფორმაზე. 

რა იწვევს შფოთვით აშლილობებს? 

შფოთვითი აშლილობა ფსიქიკური დაავადების სხვა ფორმების მსგავსია. იგი არ მომდინარეობს პირადი სისუსტით ან აღზრდის პრობლემებით. მკვლევარებმა ზუსტად არ იციან რა იწვევს შფოთვით აშლილობას. ისინი ეჭვობენ, რომ გარკვეული ფაქტორების ერთობლიობა თამაშობს ფორმირებაში როლს: 
  • ქიმიური დისბალანსი: ძლიერმა ან ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება შეცვალოს ორგანიზმის ქიმიური ბალანსი, რომელიც აკონტროლებს თქვენს განწყობას. დიდი ხნის განმავლობაში დიდი ოდენობის სტრესის განცდამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობა.
  • გარემო ფაქტორები: ტრავმულმა გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობა, განსაკუთრებით მათში, ვისაც გენეტიკურად აქვს ამ მდგომარეობის განვითარების რისკი. 
  • მემკვიდრეობა: შფოთვითი აშლილობები ხშირად გვხვდება ოჯახებში, ანუ შეიძლება გენეტიკურად გადმოგეცეთ ერთი ან ორივე მშობლისგან. 

შფოთვით აშლილობის სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია აშლილობის ტიპზე, თუმცა ზოგადი ფიზიკური, ფსიქიკური და ქცევითი ნიშნები მოიცავს: 
  • ფიზიკური ნიშნები:
    • ცივი ან ოფლიანი ხელის გულები;
    • პირის სიმშრალე;
    • არათანაბარი გულისცემა;
    • გულის რევის შეგრძნება;
    • ხელების ან ფეხების გაბუჟება;
    • კუნთების დაჭიმვა;
    • ჰაერის უკმარისობა
  • მენტალური ნიშნები:
    • პანიკის, შიშის ან მოუსვენრობის შეგრძნება;
    • კოშმარები;
    • ტრამვულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებადი ფიქრები ან ფლეშბექები;
    • უკონტროლო, ობსესიური ფიქრები. 
  • ქცევითი ნიშნები:
    • მშვიდად ყოფნის უნარის არ ქონა; 
    • რიტუალის ტიპის ქცევები, მაგალითად ხელების ხშირად დაბანა; 
    • ძილის პრობლემები. 

როგორ ხდება აშლილობების დიაგნოზირება? 

პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია გააზრება, რომ თქვენი შფოთვითი აშლილობა არ არის ნორმა და აუცილებელია პროცესში ექიმის ჩარევა. შფოთვითი აშლილობების ან ფობიების მართვის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. დღეს ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური ასევე დისტანციური სერვისები. სპეციალისტი იყენებს სპეციალურად შემუშავებულ კითხვებს და სხვადასხვა ტიპის შეფასების მექანიზმებს, რათა დადგინდეს, გაქვთ თუ არა შფოთვითი აშლილობა. როგორც წესი, დიაგნოზი ეფუძნება: 
  • თქვენს მიერ მოხსენებულ სიმპტომებს, მათ შორის, რამდენად ინტენსიურია ეპიზოდები და რამდენ ხანს გრძელდება;
  • განხილვა, თუ რამდენად გიშლით ხელს აღნიშნული სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში; 
  • ექიმის დაკვირვება თქვენს დამოკიდებულებასა და ქცევაზე.
ეცადეთ ექიმს მიაწოდოთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, პანიკური შეტევების, შფოთვითი ეპიზოდების და მათი მაპროვოცირებელი გარემოებების შესახებ. ეს გაადვილებს დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დანიშნვნის პროცესს. 

როგორ ვმართოთ შფოთვითი აშლილობა? 

თერაპიების პარალელურად შფოთვითი აშლილობის მართვის რამდენიმე ნაბიჯი არსებობს, რაც უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობის პროცესს: 
  • სტრესის მართვა - დააკვირდით, რა გიმსუბუქებთ სტრესს და დაამკვიდრეთ ყოველდღიურ რუტინაში. მაგალითად მედიტაცია, იოგა ან სხვა თქვენთვის კომფორტული აქტივობა; 
  • ცნობიერების ამაღლება - ეცადეთ მოიძიოთ მეტი ინფორმაცია პრობლემის შესახებ, ეს მეტი კონტროლის შეგრძნებას მოგანიჭებთ. აუხსენით მდგომარეობა ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რათა უკეთ შეძლონ თქვენი მხარდაჭერა; 
  • შეზღუდეთ ან ამოიღეთ კოფეინი - ზოგიერთი შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანისთის კოფეინის მიღება აუარესებს სიმპტომებს;
  • ესაუბრეთ თქვენს ფსიქოლოგს/ფსიქიატრს - ეს ადამიანი მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ გაუზიარეთ ყველა ინფორმაცია. მაგალითად, თერაპიის რა მეთოდები მუშაობს ან არ მუშაობს, მედიკამენტების უკუეფექტის ან არაეფექტურობის შემთხვევაში სთხოვეთ ცვლილება. 
გახსოვდეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა გავლენას ახდენს თქვენს გარშემო მყოფების მდგომარეობაზე. 

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას Mind Snack-თან ერთად. თვალი ადევნეთ ბლოგს უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. 









Comments

Popular posts from this blog

რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

მენტალური აშლილობის ტიპები - მშობიარობის შემდგომი დეპრესია