მენტალური აშლილობის ტიპები - მშობიარობის შემდგომი დეპრესია

პოსტნატალური დეპრესია არის დეპრესიის ფორმა, რომელიც ვლინდება ბავშვის დაბადების შემდეგ. ეს აწუხებს ადამიანების 15%-ს. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მქონე ქალები განიცდიან ემოციურ არასტაბილურობას, ხშირ ტირილს, დაღლილობას, დანაშაულის გრძნობას, შფოთვას და შეიძლება უჭირდეთ ბავშვის მოვლა. 

მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მისი ფორმები

ბავშვის გაჩენის გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. მშობლობის ეტაპი ამაღელვებელია, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს დამღლელი და დამთრგუნველი.  ნორმალურია პერიოდულად ნერვიულობდეთ და შფოთავდეთ, განსაკუთრებით თუ ახალბედა მშობელი ხართ. თუ გრძნობები მოიცავს ძლიერ სევდას ან მარტოობას, განწყობის ძლიერ ცვალებადობას და ხშირ ტირილს, შესაძლოა გქონდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია. 
მშობიარობის შემდგომი დეპრესია მხოლოდ მშობიარეზე არ მოქმედებს. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სუროგატებზე და მშვილებელ მშობლებზეც. ბავშვის გაჩენის შემდეგ ადამიანები განიცდიან ჰორმონალურ, ფიზიკურ, ემოციურ, ფინანსურ და სოციალურ ცვლილებებს, რაც შესაბამისად ისახება მენტალურ მდგომარეობაზეც. 

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ეს თქვენი ბრალი არ არის და გამოსავალი არსებობს. ოჯახის ექიმს შეუძლია სიმპტომებზე დაკვირვებით გირჩიოთ ფსიქოლოგის კონსულტაცია და შემდგომი თერაპიები. 

მშობიარობის შემდგომი ბლუზი ან ბავშვის ბლუზი

მშობიარობის შემდგომი ბლუზი გავლენას ახდენს 50%-დან 75%-მდე ადამიანზე. თუ განიცდით ბეიბი ბლუზს, თქვენ გექნებათ ხშირი, ხანგრძლივი ტირილის შეტევები აშკარა მიზეზის გარეშე, სევდა და შფოთვა. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ იწყება მშობიარობიდან პირველი კვირის განმავლობაში (1-დან 4 დღემდე). მიუხედავად არასასიამოვნო მდგომარეობისა, ბეიბი ბლუზი მკურნალობის გარეშე გადის 2-3 კვირის შემდეგ. საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის იპოვოთ მხარდაჭერა, სთხოვოთ დახმარება მეგობრებს, ოჯახს ან თქვენს პარტნიორს.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია

მშობიარობის შემდგომი დეპრესია გავლენას ახდენს 7 მშობლიდან 1-ზე. თუ წარსულში გქონიათ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რისკი ყოველ ორსულობაში 30%-მდე იზრდება. თქვენ შეიძლება განიცდიდეთ ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას, გაღიზიანებას, დაღლილობას, დანაშაულის გრძნობას, შფოთვას და ბავშვზე ან საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობას. სიმპტომები მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე და შეიძლება გამოვლინდეს მშობიარობიდან ერთი კვირის განმავლობაში ან ეტაპობრივად, ერთი წლის შემდეგაც კი. მშობიარობის შემგომი დეპრესიის მართვა შესაძლებელია ფსიქოთერაპიით ან ექიმის რეკომენდაციით დანიშნული მედიკამენტებით.  

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი

პოსტნატალური ფსიქოზი არის პოსტნატალური დეპრესიის უკიდურესად მძიმე ფორმა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ეს მდგომარეობა შედარებით იშვიათია. მშობიარობის შემდეგ 1000-დან მხოლოდ 1 ადამიანს აღენიშნება. სიმპტომები, როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ სწრაფად ჩნდება და მძიმე ფორმებში გამოვლინდება. ასეთი მდგომარეობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის ნიშნები მოიცავს ძლიერ ნერვულ აგზნებას, დაბნეულობას, უიმედობისა და სირცხვილის შეგრძნებას, უძილობას, პარანოიას, დელიუზიებს ან ჰალუცინაციებს, ჰიპერაქტიურობას, სწრაფ მეტყველებას ან მანიას. მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას, რადგან არსებობს თვითმკვლელობისა და ბავშვის დაზიანების გაზრდილი რისკი. მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ჰოსპიტალიზაციას, ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტებს.

როგორ გავიგოთ ბეიბი ბლუზი გვაქვს თუ მშობიარობის შემდგომი დეპრესია? 

ბევრ ადამიანს აქვს ბეიბი ბლუზი ბავშვის გაჩენის შემდგომ. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას და პოსტ ნატალურ ბლუზს აქვთ მსგავსი სიმპტომები, თუმცა უკანასკნელი გრძელდება დაახლოებით 10-14 დღე და შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ხასიათდება უფრო მძიმე და ხანგრლივი გამოვლინებებით.

ბეიბი ბლუზს განიცდით თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები: 
  • ტირილის მოხშირებული ეპიზოდები;
  • გადაღლილობის შეგრძნება;
  • მადის დაკარგვა;
  • ძილის პრობლემები;
  • ხასიათის ხშირი ცვალებადობა. 
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებს მიეკუთვნება: 
  • სევდის, უსარგებლობის, უიმედობის და დანაშაულის შეგრძნება; 
  • ძლიერი შფოთვის ან დაძაბულობის შეგრძნება;
  • ჰობის და სხვა აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა;
  • მადის ცვლილება ან დაკარგვა;
  • ენერგიის და მოტივაციის დაკარგვა; 
  • ძილის პრობლემები - უძილობა ან ძილის მუდმივი მოთხოვნილება;
  • უმიზეზო და მძაფრი ტირილის ეპიზოდები;
  • ფიქრის და კონცენტრაციის გართულება;
  • სუიციდური აზრები;
  • ბავშვის მიმართ შემცირებული ინტერესი, მომატებული შფოთვა ბავშვთან ყოფნის დროს;
  • ბავშვისთვის ზიანის მიყენების ფიქრები, ბავშვის არ ყოლის სურვილი. 

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამომწვევი მიზეზები

მიმდინარეობს აქტიური კვლევები, რათა დადგინდეს კავშირი მშობიარობის შემდეგ ჰორმონების სწრაფ ვარდნასა და დეპრესიას შორის. 

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი გამოყოფს ბევრ სხვადასხვა ჰორმონს ნაყოფის შენარჩუნებისა და მშობიარობის ხელის შეწყობის მიზნით.

რელაქსინი არის ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ქალის საკვერცხეებიდან, პლაცენტით და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსითაც კი, მთელი ორსულობის განმავლობაში. პირველ და მეორე სემესტრში ის აფერხებს კუნთების შეკუმშვას, რაც ხელს უშლის ნაადრევ მშობიარობას და ორსულობის ბოლოს ხელს უწყობს ნაყოფის მიმდებარე გარსების გახეთქვას, საშვილოსნოს ყელის და საშოს გახსნას, დარბილებას და მენჯის ლიგატების მოდუნებას. მშობიარობის შემდეგ რელაქსინი კვლავ აქტიურია დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში. 

პროლაქტინი - ასტიმულირებს ორგანიზმში რძის გამომუშავებას და რჩება სხეულში ორსულობის დაწყებიდან, ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდე. გარდა ამისა, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ქცევაზე, მეტაბოლიზმზე, იმუნურ სისტემაზე და სითხეების რეგულირებაზე, რაც განმარტავს განწყობის ცვლილებას და წყლის შეკავებას (შეშუპება) მშობიარობის შემდეგ.

ოქსიტოცინი არის კიდევ ერთი ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობიარობისა და ლაქტაციის დროს. მშობიარობის დროს ასტიმულირებს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას და ძუძუთი კვების დროს ხელს უწყობს რძის მოძრაობას მკერდში. მას „სიყვარულის ჰორმონსაც“ უწოდებენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ოქსიტოცინი ხელს უწყობს დედასა და შვილს შორის კავშირის ფორმირებას. მიუხედავად იმისა, ყველა ქალი გამოიმუშავებს ამ ჰორმონებს ორსულობის, მშობიარობის დროს და მის შემდეგ, ყველა ქალი არ იზიარებს ერთსა და იმავე ემოციურ გამოცდილებას.

ორსულობის დროს, ორი მნიშვნელოვანი ჰორმონის, ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ათჯერ იზრდება, მაგრამ მშობიარობის შემდეგ მკვეთრად იკლებს. მშობიარობიდან მესამე დღეს ამ ჰორმონების დონე უბრუნდება ორსულობამდელ დონეს. ასეთი მკვეთრი ცვლილება ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ამ ქიმიური რყევების გარდა, ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული სოციალური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ზრდის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს. მაგალითად, ძილის ნაკლებობა, ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობა, პარტნიორის მხარდაჭერის ნაკლებობა ახალშობილის გაზრდის პროცესში. 

რა ფაქტორები ზრდის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ფორმირების რისკს? 

გარდა ჰორმონალური, სოციალური და ფიზიოლოგიური ცვლილებებისა, არსებობს ფაქტორები, რომელიც ზრდის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ფორმირების რისკს. ესენია: 
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გენეტიკური განწყობა, პრემენსტრუალური დისფორული აშლილობა;
  • სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა;
  • ოჯახური კონფლიქტები;
  • მერყეობა ორსულობასთან დაკავშირებით; 
  • ორსულობის დროს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნაადრევი მშობიარობა;
  • ორსულობა ახალგაზრდა (20 წელზე ნაკლებ) ასაკში, მარტოხელა მშობლის როლი;
  • სპეციალური საჭიროებების ან ჭირვეული ბავშვის ყოლა. 


მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გავლენა ჩვილზე და მკურნალობის მეთოდები

პოსტნატალური დეპრესია მშობლის გარდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თქვენს პატარაზე. დედის ემოციური ფონი ხშირად ზღუდავს ბავშვზე ზრუნვის უნარებს, რაც შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ ფორმებში:
  • ბავშვთან კავშირის დამყარების სირთულე;
  • ბავშვს შესაძლოა შეექმნას ქცევითი ან შემეცნებითი პრობლემები;
  • შესაძლოა გამოგრჩეთ პედიატრის ვიზიტები და ბავშვის ჯანმრთელობის მონიტორინგი, არ მიაქციოთ ავადმყოფობას ყურადღება;
  • ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს კვების და ძილის პრობლემები;
  • ბავშვს შესაძლოა არ ჰქონდეს შესაბამისი სოციალური უნარები. 
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ქონა, აფერხებს თქვენი მხრიდან დროული ჩარევის შესაძლებლობას. რაც უფრო დროულად შევძლებთ სიმპტომების მიხედვით მდგომარეობის დიაგნოზირებას, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობის პროცესიც. ასევე დაიცავთ თქვენი შვილისა და პარტნიორის მენტალურ ჯანმრთელობასაც. 

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზირება ხდება ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის მიერ. რთულია მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში პრობლემის ინდენტიფიცირება, მაგრამ სხვადასხვა დაკვირვების საფუძველზე, სპეციალისტი შეძლებს დახმარებას. მკურნალობა ხდება ფსიქოთერაპიით, კოგნიტურ-ქცევითი თერაპიით და საჭიროების შემთხვევაში ანტიდეპრესანტებით. დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში ექიმთან შეთანხმების გარეშე, მედიკამენტების თვითნებური მიღება. 
მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა, თქვენი მდგომარეობის გაზიარება, ახლობლების, პირველ რიგში, პარტნიორის მხარდაჭერა, დასვენება, ვარჯიში, თავის მოვლა, სოციალიზაცია. ორსულობის დაგეგმვამდე შეაფასეთ თქვენი მენტალური მზაობა, გაესაუბრეთ თქვენს მეუღლეს, შეყვარებულს, შეამზადეთ მომავალი სირთულეებისთვის, დარწმუნდით, რომ მისი მხრიდან გექნებათ შესაბამისი მხარდაჭერა და არ აღმოჩნდებით უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე მარტო. მნიშვნელოვანია მშობიარობამდე ორივე მშობელი გაეცნოს სხვადასხვა ინფორმაციას ბავშვის კვების, მოვლის შესახებ, აიმაღლოს ცნობიერება მოსალოდნელ ცვლილებებზე და თანაბრად მოხდეს პარტნიორების ჩართულობა. 

გახსოვდეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა გავლენას ახდენს თქვენს გარშემო მყოფების მდგომარეობაზე. 

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას Mind Snack-თან ერთად. თვალი ადევნეთ ბლოგს უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. 










Comments

Popular posts from this blog

რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

მენტალური აშლილობის ტიპები - შფოთვითი დარღვევები