რა არის მენტალური ჯანმრთელობა?


მენტალური ჯანმრთელობა არის ფსიქიკური სიჯანსაღის მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს გაუმკლავდეს სტრესს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და განვითარდეს როგორც სოციუმის ნაწილი. 

21-ე საუკუნის დინამიური სამუშაო და ცხოვრების რეჟიმი ბევრ სტრესთან ასოცირდება, რაც ხშირად იწვევს დეპრესიას, შფოთვით აშლილობას და სხვა მენტალურ პრობლემებს. დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ჯანრმთელობა ერთ-ერთი ტაბუ დადებული საკითხი იყო. ბოლო რამდენიმე წელიწადში გაიზარდა ცნობიერება და შედარებით ხელმისაწვდომი გახდა ფსიქოლოგის/ფსიქიატრის მომსახურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი მენტალური ჯანმრთელობა? 


ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, ფიქრებზე, ქცევებსა და კომუნიკაციებზე. ჯანსაღი გონება და ემოციური ფონი გვეხმარება მნიშვნელოვანი კავშირების ფორმირებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში. 

მიზეზები, თუ რატომ უნდა იზრუნოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე

ფსიქიკაზე ზრუნვა არა მარტო აუმჯობესებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ გეხმარებათ უკეთ ამოიცნოთ და მართოთ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები. მაგალითად: გულის დაავადებები და სტრესი ურთიერთდაკავშირებულია. შესაბამისად სტრესის მართვამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს გულის ფუნქციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირებაზე. 
  • გაუმჯობესებული ხასიათი, განწყობა;
  • ამცირებს შფოთვას; 
  • აძლიერებს შინაგანი სიმშვიდის შეგრძნებას;
  • გეხმარებათ მკაფიოდ აზროვნებაში;
  • აუმჯობესებს ურთიერთობებს;
  • ზრდის თავდაჯერებას. 
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხის გარდა, იყოთ მენტალურად ჯანმრთელი ნიშნავს თქვენს ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ ჯანმრთელობას. იგი პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ქცევებსა და განწყობაზე. თუმცა, ფსიქიკური მდგომარეობა არ არის გაციება ან სხვა ტიპის დაავადება, რომელიც ერთჯერადად მკურნალობის შემდეგ გვივლის და გვავიწყდება. თქვენი მდგომარეობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე და არასდროს უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. 

ყველაზე გავრცელებული მენტალური აშლილობები

მენტალური აშლილობის უამრავი ფორმა არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო გავრცელებულია, ვიდრე სხვები. 

გიზიარებთ ყველაზე გავრცელებულ მენტალურ აშლილობებს:
  • დეპრესია - ხშირი და საკმაოდ სერიოზული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს გრძნობებზე, ფიქრებზე და ქცევებზე. დეპრესია იწვევს მოწყენილობის, მარტოობის შეგრძნებას და ინტერესის დაკარგვას აქტივობებისადმი, რომელიც აქამდე გსიამოვნებდათ. მას მივყავართ მრავლობით ემოციურ და ფიზიკურ პრობლემებამდე, ამცირებს მუშაობის და ჯანსაღი ფუნქციონირების უნარებს. 
  • პანიკური შეტევები - ეს არის ძლიერი შფოთვის მოკლე ეპიზოდები, რომელიც იწვევს შიშის მძაფრ შეგრძნებას. Პანიკური შეტევების დროს შეიძლება განიცდიდეთ გულის აჩქარებას, ჰაერის უკმარისობას, თავბრუსხვევას, კანკალს, კუნთების დაჭიმულობას. 
  • პოსტ ტრავმატული სტრესის აშლილობა - არის მენტალური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია საშინელი მოვლენის გადატანით ან შესწრებით. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფლეშბექებს, კოშმარებს, ძლიერ შფოთვას და არაკონროლირებად ფიქრებს მოვლენასთან დაკავშირებით. 
  • ობსესიურ კომპულსიური აშლილობა - არის ხშირი, ქრონიკული და ხანგრძლივი აშლილობა, როდესაც ადმიანს აქვს უკონტროლო, განმეორებადი ფიქრები (ობსესიები) და ქცევები (კომპულსიები).
  • შფოთვითი აშლილობა - ეს არის შეშფოთების ან შიშის შეგრძნება, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. Შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანი მუდმივად განიცდის წუხილს და მღელვარებას, რაც გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების წესზე. 
  • პოსტ მშობიარობის დეპრესია - არის დეპრესიის ფორმა, რომელიც ჩნდება ბავშვის გაჩენის შემდეგ. ასეთ დროს ადამიანები განიცდიან ხასიათის ხშირ ცვალებადობას, დაღლილობას, დანაშაულის გრძნობას, შფოთვას, რაც რთულს ხდის ბავშვზე ზრუნვას. პოსტ მშობიარობის დეპრესიას ასევე განიცდიან სუროგატები და შვილად აყვანილთა მშობლები. 
  • ADHD - ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის აშლილობა არის ყველაზე ხშირი მენტალური მდგომარეობა ბავშვებში და შემდგომ უკვე ზრდასრულ ასაკში. სიმპტომები მოიცავს უყურადღებობას(კონცენტრირების შეუძლებლობა), ჰიპერაქტიურობას(გადაჭარბებული მოძრაობა, რომელიც არ შეესაბამება პარამეტრს), იმპულსიურობას(ნაჩქარევი, გაუაზრებელი ქმედებები)
  • კვებითი აშლილობები - ანორექსია, ბულემია, binge eating(ჭარბი კვება) - გულისხმობს ზედმეტ ყურადღებას წონაზე, ტანის ფორმასა და საკვებზე, რასაც მივყავართ სახიფათო კვებით ქცევებამდე. Კვებითი აშლილობა ვნებს გულს, მომნელებელ სისტემას, ძვლებს, კბილებს, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სხვა მენტალური პრობლემები. 
მენტალურ აშლილობებს დეტალურად განვიხილავთ ცალკე ბლოგ პოსტებში. 

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნები

როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა, ეს ყოველთვის არ არის აშკარა ინდივიდისთვის ან მათ გარშემო მყოფებისთვის. 
გიზიარებთ ნიშნებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს მენტალური მდგომარეობის უარყოფით ცვლილებებზე: 
  • ცვლილება კვების ჩვევებში, ზეტმეტი ან ნაკლები რაოდენობით საკვების მიღება;
  • ენერგიის საგრძნობი შემცირება; 
  • სოციუმისგან დისტანცირება, თავის არიდება; 
  • მუდმივი სასოწარკვეთის შეგრძნება;
  • ალოკოჰოლის, თამბაქოს და სხვა ნივთიერებების დიდი რაოდენობით მიღება;
  • აუხსნელი ბრაზის, დაბნეულობის, დანაშაულის ან შფოთვის შეგრძნება;
  • ხასიათის ხშირი ცვალებადობა;
  • ჩხუბის წამოწყება მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან;
  • ხმები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გესმით; 
  • ფიქრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე; 
  • ყოველღიური საქმეების ან სამუშაოს ვერ შესრულება. 
თუ ჩამოთვლილიდან ერთ ან რამდენიმე ცვლილებას განიცდით, ეცადეთ მიმართოთ ფსიქოლოგს ან გაუზიაროთ ისეთ ადამიანს ვინც შეძლებს დახმარებას.

მენტალური პრობლემების გამომწვევი ფაქტორები და პრევენციის გზები

ყოველდღიური სტრესის და სირთულეების გარდა არსებობს ბევრი ფაქტორი, რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მენტალურ მდგრადობასა და ჯანმრთელობაზე. მაგალითად: 
  • წარსული ტრამვა, ძალადობა, უარყოფა;
  • გრძელვადიანი ან მძიმე სტრესული მდგომარეობა; 
  • სოციალური იზოლაცია;
  • მარტოობა;
  • მწუხარება, გლოვა, მძიმე დანაკლისი;
  • დისკრიმინაცია; 
  • გრძელვადიანი ფიზიკური ტრამვა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • სიღარიბე, ვალი;
  • უმუშევრობა;
  • საყვარელ ადამიანთან განშორება; 
  • დისფუნქციური ოჯახური ცხოვრება. 
აქვე გიზიარებთ პოზიტიურ ქმედებებს, რამაც შეიძლება შეამსუბუქოს თქვენი მენტალური მდგომარეობა: 
  • მიმართეთ თერაპიას;
  • აწარმოეთ დღიური თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე;
  • იმედიტირეთ;
  • ივარჯიშეთ;
  • გაუზიარეთ თქვენი მდგომარეობა სხვებს. 
ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტვას, უფრო მძიმე მენტალურ პრობლემებამდე მივყავართ. გაზიარება გეხმარებათ ნეგატიური ემოციებისგან და აზრებისგან გათავისუფლებაში. 


რატომ უნდა ამაღლდეს ცნობიერება მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? 


მენტალურ ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია სტიგმების დაძლევა. სტიგმა არის, როდესაც ვინმე უარყოფითად გიყურებთ, რადგან გაქვთ განმასხვავებელი მახასიათებელი ან პიროვნული თვისება, რომელიც ითვლება ან რეალურად არის მინუსი (ნეგატიური სტერეოტიპი). სამწუხაროდ, ხშირია ნეგატიური დამოკიდებულება და რწმენა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სტიგმამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაცია. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი და აშკარა, მაგალითად ვინმემ ნეგატიური შენიშვნა გააკეთოს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ან, კიდევ უნებლიე, ადამიანი დისტანციას იჭერდეს, რადგან გთვლიდეთ არასტაბილურ ან მოძალადე პიროვნებად თქვენი მენტალური აშლილობის გამო. 

სტიგმებს აქვთ ბევრი უარყოფითი შედეგი, გიზიარებთ მცირე ჩამონათვალს:
  • მკურნალობისგან თავის შეკავება, დახმარებაზე უარის თქმა;
  • ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების ან სხვების მხრიდან გაგების სირთულე;
  • მუშაობის, სწავლის, სოციალიზაციის ნაკლები შესაძლებლობები; 
  • ჩაგვრა, ფიზიკური ძალადობა, შევიწროვება;
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების გავრცელების მიზნით, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებისადმი დამოკიდებულება, მიდგომა და მათი იდენტიფიცირება არ იყოს სტიგმატიზებული.

სტიგმებისგან გასათავისუფლებლად, პირველ რიგში, აუცილებელია, აღმოიფხვრას  სირცხვილი და შიში, შემდეგ უნდა მოხდეს პრობლემის არსებობის აღიარება და ბოლოს, შეგვიძლია ვიზრუნოთ გამოსავლის პოვნაზე. ასეთი ქმედება ზრდის ალბათობას, რომ ადამიანი ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, პრობლემის შემთხვევაში მოგვმართავს. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებაზე ფოკუსირების კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ მას შეუძლია გარკვეული ნიშნები და სიმპტომები შესწავლადი და ამოცნობადი გახადოს. ადრეული ჩარევა კი, განსაზღვრავს თუ რამდენად წარმატებული იქნება მკურნალობის პროცესი.

დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის. 

როგორ ვიზრუნოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე საქართველოს ჯანდაცვის პირობებში? 

ხშირად მსმენია ფრაზა: "შენი თავის ფსიქოლოგი შენ თვითონ ხარ". სამწუხაროდ, ასე ნამდვილად არაა, ყველა ინდივიდს სხვადასხვა მენტალური მდგომარეობა და მისი მართვის განსხვავებული შესაძლებლობები გვაქვს. ძლიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის, შესაძლოა კონკრეტული სტრესი ბევრად მარტივი გადასატანი იყოს, ვიდრე, პიროვნებისთვის, რომელზეც ძალადობნდნენ, ავიწროვებდნენ, ჩაგრავდნენ, უყვიროდნენ. ნურავის გამოუტანთ პრობლემასთან მარტო ბრძოლის განაჩენს. 

ჩვენი ტრამვებისდა საუბედუროდ, დღეს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურად ასევე ონლაინ. საშუალო ღირებულება არის 50-120₾, რაც ხშირად ფუფუნების საგანია. თუმცა არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც პრობლემის სიმძიმის შემთხვევაში უშვებენ სხვადასხვა ტიპის გამონაკლისებს და შესაძლოა უფრო დაბალი ღირებულებით შეძლოთ მომსახურების მიღება. თუ ხართ 14-25 წლამდე ახალგაზრდა კლუბ სინერგიაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ფსიქოსოციალური სერვისებით, მომსახურება ვრცელდება ოჯახის წევრებზეც. ასევე, სოციალურ ქსელებში ხელმისაწვდომია მენტალური ჯანმრთელობის ჯგუფები, სადაც თქვენი პრობლემის გაზიარებისას კომპეტენტურ რჩევას მიიღებთ, ან გაიცნობთ ადამიანს ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს და დაგეხმარებათ. 

თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გულწრფელობა და თქვენი პრობლემების სრულად გაზიარება. ნაწილობრივ საუბარი იძლევა არასრულ ინფორმაციას და შესაბამისად არასწორ დასკვნებს. რაც არ უნდა რთული იყოს საკუთარ თავთან, თუ ფსიქოლოგთან კონკრეტული საკითხების განხილვა, საჭიროა დავძლიოთ ეს ბარიერები და განვთავისუფლდეთ ტრამვებისგან და მათთან გამკლავების ჯანსაღი მეთოდები ვისწავლოთ. 

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა გავლენას ახდენს თქვენს გარშემო მყოფების მდგომარეობაზე. 

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას Mind Snack-თან ერთად. თვალი ადევნეთ ბლოგს უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. 



Comments

Popular posts from this blog

რა არის ძილი?

მენტალური აშლილობის ტიპები - მშობიარობის შემდგომი დეპრესია