ადამიანის ფიზიოლოგია და ანატომია

 რა არის ფიზიოლოგია?

ფიზიოლოგია შეისწავლის ადამიანის ორგანზმის ფუნქციონირებას. იგი აღწერს ქიმიურ და ფიზიკურ მოვლენებს რაც იმალება სხეულის ფუნქციონირების მიღმა. მაგალითად, როგორ იქცევიან მოლეკულები უჯრედებში და როგორ მუშაობენ ორგანოები ერთად. ფიზიოლოგია გვეხმარება გავიგოთ რა ხდება ჯანსაღ სხეულში ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა იცვლება, როდესაც ადამიანი ავადდება. 


ფიზიოლოგია vs. ანატომია

ადამიანის ანატომია არის სხეულის სტრუქტურების შესწავლა, ფიზიოლოგია არის იმის შესწავლა, თუ როგორ მუშაობს ეს სტრუქტურები. რენტგენოლოგიურმა ან ულტრაბგერითმა გამოკვლევამ, შეიძლება აჩვენოს თქვენი ანატომია, მაგრამ ექიმები, დამატებით, იყენებენ სხვა ტესტებს, როგორიცაა შარდისა და სისხლის ანალიზი ან ელექტროკარდიოგრამა (EKG), რათა უკეთ გაერკვნენ თქვენი სხეულის ფიზიოლოგიაში. 


ორგანოთა სისტემები და ფიზიოლოგია

ექიმები იყენებენ ფიზიოლოგიას ისეთი ორგანოთა სისტემების შესასწავლად, როგორიცაა: 

  • კარდიო-ვასკულარული სისტემა - თქვენი გული და სისხლძარღვები;
  • მომნელებელი სისტემა - კუჭი, ნაწლავები და სხვა მონელებაში მონაწილე ორგანოები;
  • ენდოკრინული სისტემა - ჯირკვლები, რომლებიც ჰორმონებს, სხეულის მრავალი ფუნქციის მმართველ ქიმიურ ნივთიერებებს, აწარმოებენ.
  • იმუნური სისტემა - თქვენი ორგანიზმის დაცვის უნარი ბაქტერიების და ავადმყოფობების მიმართ;
  • კუნთოვანი სისტემა - კუნთები, რომლებიც გეხმარებათ მოძრაობაში;
  • ნერვული სისტემა - ტვინი, ზურგის ტვინი და ნერვები;
  • შარდსასქესო სისტემა - თირკმელები და ორგანოები, რომლებიც აკონტროლებენ სითხეს თქვენს ორგანიზმში;
  • რეპროდუქტიული სისტემა - ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები; 
  • სასუნთქი სისტემა - ფილტვები და სასუნთქი გზები;
  • ძვლოვანი სისტემა - ძვლები, სახსრები, ხრტილი და მყესი. 
  • ინტეგუმენტური სისტემა - თმა, კანი, ფრჩხილი და სხვა. 
თითოეული სისტემისთვის, ფიზიოლოგია ნათელს ჰფენს მონაწილე სტრუქტურების ქიმიასა და ფიზიკას. მაგალითად, ფიზიოლოგებმა შეისწავლეს გულის უჯრედების ელექტრული აქტივობა, რომლებიც აკონტროლებენ გულის ცემას. ისინი ასევე იკვლევენ პროცესს, რომლითაც თვალები აღიქვამენ სინათლეს. დაწყებული იქიდან, თუ როგორ ამუშავებენ ბადურის უჯრედები სინათლის ნაწილაკებს, რომლებსაც ფოტონები ეწოდება, დამთავრებული იმით, თუ როგორ აგზავნიან თვალები სიგნალებს გამოსახულების შესახებ ტვინში.

ადამიანის ორგანიზმი კომპლექსური ფენომენია, რომლის გარემო პირობებზე რეაგირების შესწავლა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ორგანოთა სისტემების სწორი და სინქრონული ფუნქციონირება ჯანსაღი ორგანიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ჰორმონების, მინერალების კლება ან მკვეთრი ზრდა ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა ტიპის დაავადებებს. მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია იწვევს ჰიპო და ჰიპერ თირეოზს (ჯირკვლის მიერ ჰორმონის სუსტ და ჭარბ წარმოქმნას). 

ფიზიოლოგია ეძღვნება იმის გაგებას, თუ როგორ ინარჩუნებს ადამიანის სხეული სტაბილურ მდგომარეობას გარემო პირობებთან ადაპტაციის დროს. ამ პროცესს ჰომეოსტაზს უწოდებენ. როგორ ინარჩუნებს თქვენი ორგანოების სისტემა თქვენს ტემპერატურას სხვადასხვა გარემოში? როგორ ინარჩუნებს თქვენი ორგანიზმი სისხლში შაქრის და სხვა ქიმიური ნივთიერებების დონეს მუდმივად, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა საკვებს მიირთმევთ? ეს ის კითხვებია, რომლებზეც ფიზიოლოგები პასუხის გაცემას ცდილობენ.

როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელობა სახლში, 5 წუთში? 

7 მარტივი ტესტი ქალებისთვის

ჯანმრთელობის მონიტორინგი უფრო მეტია, ვიდრე წელიწადში ერთხელ გეგმიური ვიზიტი ექიმთან. დარწმუნებული ვარ, ყველას შეგვიძლია დავუთმოთ თავს რამდენიმე წუთი. თუ სახლში მოგეპოვებათ თერმომეტრი, სანტიმეტრი, საათი და სარკე, შეგიძლიათ ჩაიტაროთ 7 მარტივი თვით-შემოწმება. 

ტემპერატურის ტესტი

თქვენ არ გჭირდებათ ტემპერატურის გაზომვა ყოველდღე (თუ არ ადევნებთ თვალყურს ოვულაციის დღეებს), მაგრამ სასურველია იცოდეთ თქვენი ბაზალური ტემპერატურა. ამ გზით თქვენ და ექიმი უკეთესად ამოიცნობთ, როდის შეიძლება მკვეთრი ვარდნა ან მატება იყოს ავადმყოფობის ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ 37 გრადუსი ფართოდ განიხილება როგორც სხეულის "ნორმალური" ტემპერატურა, ჯანსაღი ტემპერატურა შეიძლება რეალურად მერყეობდეს 35-დან 38,3 გრადუსამდე, რაც დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე, ასაკზე, ვარჯიშის დონეზე, კვების რაციონზე და სხვა ცვლადებზე. მაგალითად, ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ სხეულის დაბალი ტემპერატურა, ასე რომ, მაშინაც კი, როდესაც ისინი ავად არიან, მათმა ტემპერატურამ შეიძლება არ მიაღწიოს ტიპიური სიცხის მაჩვენებელს. 

პულსის ტესტი

პულსის შემოწმება ზომავს რამდენჯერ სცემს გული ერთ წუთში და არ არის მხოლოდ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად დიდი დატვირთვით ვარჯიშობთ.  სინამდვილეში, გულისცემის სიხშირე დასვენების დროს იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გულის საერთო ჯანმრთელობის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც აქვთ გულისცემის მაღალი სიხშირე დასვენების დროს, აქვთ გულის შეტევის უფრო დიდი რისკი, ვიდრე დასვენების რეჟიმში დაბალი პულსის მქონე ქალებს. 
როგორ შევამოწმოთ პულსი? უმარტივესი გზაა შუა და საჩვენებელი თითების დადება კისერზე, ხორხის გვერდით. შემდეგ მიჰყევით საათს მეორე ხელით და დაითვალეთ პულსი 30 წამის განმავლობაში, გაამრავლეთ ეს რიცხვი ორზე, რათა მიიღოთ გულისცემა.

შენიშვნა: დასვენების დროს გულისცემა წუთში 60-დან 100-მდეა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ დასვენების დროს პულსი 100-ზე მეტია ან 60-ზე ნაკლებია, ან გული არარითმულად მუშაობს. 

გარშემოწერილობის ტესტი

წელის გარშემოწერილობა კარგი მაჩვენებელია ჯანმრთელობის მრავალი მდგომარეობის რისკის შესახებ. მაღალი წელის გარშემოწერილობის მქონე ადამიანებს აქვთ ორმაგი სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე დაბალი გაზომვების მქონეთ, წონისა და BMI-ის მიუხედავად. წელის დიდი გარშემოწერილობა ნიშნავს მუცლის მეტ ცხიმს, რაც დაკავშირებულია ანთებითი ქიმიკატების მაღალ დონესთან, რომელიც პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან და დიაბეტთან. 

მოდით ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი ჩვენგანი არ არის დარწმუნებული, სად მთავრდება წელი და იწყება თეძოები. გიზიარებთ პატარა ხრიკს: შემოხაზეთ წელი რბილი საზომი ლენტით ჭიპის დონეზე. ლენტი უნდა გქონდეთ კომფორტულად, მაგრამ არა მჭიდროდ და დარწმუნდით, რომ არ შეისუნთქოთ! 

შენიშვნა: ქალების რეკომენდირებული წელის ზომა უნდა იყოს 88 სმ-ზე ნაკლები, მამაკაცების, 101 სმ-ზე. ნებისმიერი, რაც სარეკომენდაციო ზომებს აღებატება წარმოადგენს მეორე ტიპის დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, მაღალი ქოლესტერინის და გულის დაავადებების განვითარების რისკს.

კანის ტესტი

კანის კიბო კიბოს ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ყოველწლიურად დაახლოებით 58,000 ადამიანს უსვამენ მელანომას დიაგნოზს. საბედნიეროდ, ადრეული გამოვლენის შემთხვევაში კანის კიბო თითქმის ყოველთვის განკურნებადია. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები ხშირად ექიმებზე ადრე ამჩნევენ მელანომას. ასე რომ, დაათვალიერეთ თქვენი ხალები თვეში ერთხელ, განსაკუთრებით თუ ქერათმიანი ხართ, გაქვთ კანის კიბოს ოჯახური ისტორია ან გაქვთ ბევრი ხალი. შეამოწმეთ თქვენი მთელი სხეული, დაწყებული სახედან და იმუშავეთ ქვევით, შეამოწმეთ კისერი, მხრები, გულმკერდი, ხელები (წინ, უკანა და გვერდები) და ფეხები (წინ, უკანა და გვერდები). არ დაივიწყოთ საზარდულის არე,  ხელისგულები, ფრჩხილები, ფეხის ძირები, ფეხის ფრჩხილები და ფეხის თითებს შორის არსებული ადგილები. დაიხმარეთ, მეგობარი, მეუღლე ან ოჯახის წევრი, რათა შეამოწმოთ ის ადგილები, რომლებსაც კარგად ვერ ხედავთ, მაგალითად, სკალპი და ზურგი. გადაუღეთ სურათები ნებისმიერ საეჭვო ხალს, რათა იცოდეთ, როგორ იცვლება ისინი დროთა განმავლობაში.
შენიშვნა: გამოიყენეთ "ABCDE" გამაფრთხილებელი ნიშნები: A, ასიმეტრიულისთვის; B არარეგულარული საზღვრებისთვის; C არანორმალური ფერისთვის; D დიამეტრისთვის (უფრო დიდი ვიდრე ფანქრის საშლელი); E ცვლილებებისთვის, რადგან ხალი დროთა განმავლობაში იცვლის გარეგნობას. სასურველია ყველამ მიმართოს ექიმს ყოველწლიურად კანის სრული შემოწმებისთვის (მათ, ვისაც კანის კიბოს მეტი რისკი აქვს, შეიძლება უფრო ხშირად დასჭირდეს მონიტორინგი). 

მკერდის ტესტი


მიუხედავად იმისა, რომ დღეს ექსპერტთა უმეტესობა უარყოფს მკერდის ოფიციალურ თვითგასინჯვას (BSE), მეან-გინეკოლოგთა რეკომენდაციები ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რასაც უწოდებენ "მკერდის თვითშემეცნებას" 20 წელზე უფროსი ასაკის ქალებში. 
მკერდის თვითგასინჯვა სასურველია მოხდეს რეგულარულად, როგორც წესი, ყოველთვიურად. მკერდის შემოწმება არის თქვენი მკერდის ნორმალური გარეგნობის ცოდნა. ხელებით შეამოწმეთ მთელი მკერდი, მათ შორის იღლიის ქვეშ, ნაზად დააჭირეთ თითის წვერებს მკერდის ქსოვილში. რა უნდა მოძებნოთ? ნებისმიერი უჩვეულო - და არა მხოლოდ სიმსივნეები, არამედ კანის ნებისმიერი ჩაღრმავება, სისხლჩაქცევები და ცვლილებები თქვენს ძუძუს არეში, მათ შორის გამონადენი. თუ გამონადენი ბუნებრივად არ გაწუხებთ, გამიზნულად არ გამოიდინოთ მკერდიდან. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე განსხვავებას ნორმისგან. თუ თქვენ გაქვთ კისტოზური მკერდი, ჰკითხეთ მამოლოგს, რამდენად ხშირად უნდა აკონტროლოთ იგი. ექიმმა შესაძლოა გთხოვოთ, მონიტორინგი მოახდინოთ მთელი თვის განმავლობაში, მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში, რათა დაინახოს, კისტები გაქრება თუ შეიცვლება. 

აუცილებელია ყოველწლიურად გაიაროთ მკერდის ფიზიკური გამოკვლევა. ქართველი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მკერდის და რეპროდუქტიული ორგანოების უფასო სკრინინგ პროგრამა. თუ გაქვთ გენეტიკური განწყობა, უმჯობესია გამოკვლევები ჩაიტაროთ 6 თვეში ერთხელ. 

დაღლილობის ტესტი

ძილი ტვინის საწვავია და ისევე მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც კვება და ვარჯიში. დღევანდელ დატვირთულ რეჟიმში, ბევრი რამ პოტენციურად გვიკარგავს სრულფასოვან ძილს. თუ იღვიძებთ დაღლილობის გრძნობით, 8-9 საათიანი ძილის შემდეგ, შეიძლება გქონდეთ ძილის დარღვევა. ძილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა ძილის აპნეა, მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენ გაქვთ მუდმივი სუნთქვის შეჩერებითი ჩანართები ძილის დროს. 

სახლის პირობებში შემოწმებამ შეიძლება გამოაჩინოს ტესტირების საჭიროება, თუმცა ძილის აპნეას დიაგნოზის დასადასტურებლად დაგჭირდებათ ძილის ტესტი ლაბორატორიაში. თუ გყავთ პარტნიორი, მეუღლე ან ოჯახის წევრი ვისაც თქვენს გვერდით სძინავს, ჰკითხეთ როგორ გძინავთ,რადგან ძილის აპნეით ბევრმა პაციენტმა არ იცის, რომ ხვრინავს ან უჭირს სუნთქვა შუაღამისას, ეს კი, ორი მთავარი სიმპტომია. ძილის აპნეასთან დაკავშირებულმა სუნთქვის შეფერხებებმა შეიძლება გაუცნობიერებლად გაგაღვიძოთ და ვერ იგრძნოთ ღამის განმავლობაში, მაგრამ ღრმა ძილიდან გამოღვიძებები დიდ გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. 

შენიშვნა: სთხოვეთ თქვენს პარტნიორს ყურადღება მიაქციოს თქვენს ხვრინვას. თუ ის ძალიან ხმამაღალია, ხშირი სუნთქვითი პაუზებით (ისინი შეიძლება მერყეობდეს 10 წამიდან წუთამდე ან მეტ ხანს) ან მოიცავს სუნთქვის გახშირებას, კვნესას ან დრტვინვას, შესაძლოა ძილის აპნეისგან იყოს გამოწვეული. 
ძილის აპნეას სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები: დღის განმავლობაში დაუგეგმავი ჩაძინება, (შეხვედრის დროს), დაღლილობის შეგრძნება მაშინაც კი, როცა ბევრი გეძინათ, თავის ტკივილით ან ყელის სიმშრალით გაღვიძება, გაღიზიანების შეგრძნება, კონცენტრაციის ნაკლებობა. თუ თქვენ ან თქვენი პარტნიორი ეჭვობთ ძილის აპნეაზე, აცნობეთ ექიმს.

ჭარბთმიანობის ტესტი

ეთნიკური წარმომავლობა დიდ როლს თამაშობს სხეულის თმის ოდენობაზე, მაგრამ  რაოდენობის ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის პოლიკისტოზურ საკვერცხეების სინდრომზე (PCOS), ტესტოსტერონის მატებაზე და სხვა ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეულ ცვლილებებზე. 

როგორ შევამოწმოთ თმა სხეულზე? შეაფასეთ თმის ზრდა არასასურველ ადგილებში (მაგალითად, მუცელზე, მკერდზე და სახეზე). ყურადღება გაამახვილეთ თმაზე, რომელიც ზედმეტად იზრდება თეძოებზე და/ან მუცელზე, ქმნის ალმასის ან კვადრატის ფორმას და არა სამკუთხედს. ასევე, თუ ამჩნევთ ჩვეულებრივზე მეტ თმას თქვენს ზედა ტუჩზე, ნიკაპზე ან ლოყებზე, ან მკერდის გარშემო. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სხეულის თმის ზრდის სტუქტურა ცდება ნორმებს, აცნობეთ ექიმს.

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას Mind Snack-თან ერთად. თვალი ადევნეთ ბლოგს უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. 



Comments

Popular posts from this blog

რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

რა არის ძილი?

მენტალური აშლილობის ტიპები - მშობიარობის შემდგომი დეპრესია